ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამოჩენილ მეცნიერს და ეკონომისტთა მრავალი თაობის აღმზრდელ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორის მოადგილეს, პროფესორ რევაზ გოგოხიას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის და დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, პროფესორ რევაზ გოგოხიას გადასცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მადლობის სიგელი, რომელსაც ხელს აწერს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.
საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორები ელგუჯა მექვაბიშვილი, რევაზ გველესიანი, თეიმურაზ ბერიძე, ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი და სხვები.
ვულოცავთ ბატონ რევაზ გოგოხიას იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემდგომ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას.









